ჩინეთი, ამერიკა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური ბალანსი - მაშინ, როცა ხელისუფლება პეკინთან და ვაშინგტონთან პარტნიორობის პარალელურ განვითარებაზე საუბრობს, აშშ-ის კონგრესში კავკასიაში ჩინეთის მზარდ გავლენაზე მსჯელობენ და ამ კონტექსტში საქართველოც ფიგურირებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა უკვე კონკრეტულ შედეგებში აისახა - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და უვიზო მიმოსვლის ჩათვლით. მისი თქმით, პეკინი საქართველოს თანასწორ პარტნიორად განიხილავს, ხოლო ხელისუფლების მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც არა ფორმალური, არამედ რეალური შინაარსით დატვირთული თანამშრომლობის აღდგენა და ურთიერთობების გადატვირთვაა. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მთავარი საყრდენი კვლავ აშშ და ევროპელი პარტნიორები არიან, ხოლო ჩინეთთან თანამშრომლობა ეკონომიკური ინტერესებით უნდა შემოიფარგლებოდეს და არ უნდა იქცეს დასავლური მიმართულების ალტერნატივად.