თაზო დათუნაშვილი - "ქართულ ოცნებას" საქართველოში ჩინეთის ავტოკრატიული მოდელის იმპორტი სურს, უნდათ, რომ თავიდან შემოიტანონ კომუნიზმი - ეს სამშობლოს ღალატია - Palitra News

თაზო დათუნაშვილი - "ქართულ ოცნებას" საქართველოში ჩინეთის ავტოკრატიული მოდელის იმპორტი სურს, უნდათ, რომ თავიდან შემოიტანონ კომუნიზმი - ეს სამშობლოს ღალატია

2026-06-10 22:15:41+04:00

[სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება ჩინეთთან] ეს უკვე სამშობლოს ღალატია , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თაზო დათუნაშვილის თქმით, ჩინეთი არის დემოკრატიის მთავარი მტერი და აგრესიული სახელმწიფო.

დათუნაშვილის თქმით, გლობალური ვაჭრობა და ჩინეთ-ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთის „იმპერიული ამბიციების“ მხოლოდ შემაკავებელი ფაქტორია.

„ჩინეთი არის დემოკრატიული სამყაროს მთავარი მტერი, ამბიციური და აგრესიული სუპერსახელმწიფო. აი, ეს არის ჩინეთი. ერთადერთი შემაკავებელი, რომ მისი იმპერიული ექსპანსია არ დაიწყოს, არის გადაბმულობა და გადაჯაჭვულობა ჩინეთისა და აშშ-ს ეკონომიკების, სავაჭრო ურთიერთობები, სახელმწიფო ვალის მოცულობა. ცივი ომის დროს შემაკავებელი ფაქტორი იყო ატომური ბომბი, დღეს ეს შემაკავებელი ფაქტორი არის გლობალური ვაჭრობა და ჩინეთ-ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობები“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

თაზო დათუნაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ჩინეთიდან ეკონომიკური სიკეთე ვერ მოაქვს, თუმცა ჩინეთიდან კომუნიზმისა და აქციების დაშლის ავტორიტარული მეთოდების იმპორტს ახდენენ.

„რისი იმპორტიც უნდათ დღეს ჩინეთიდან საქართველოში, ეს ეკონომიკური სიკეთე კი არ არის, 32 მილიონია ეკონომიკური სიკეთე, მეტი არაფერი არ არის. ანაკლიის პორტში შემოვლენო და მესამე წელია ანაკლიის პორტში არ შემოდიან. რისი იმპორტიც უნდათ საქართველოში, ეს არის ჩინეთის ავტოკრატიული მმართველობის მოდელის. ბოდიშ ვიხდი, მაგრამ საქართველოში კომუნიზმი გადავაგდეთ 1991 წელს. საქართველოს დასჭირდა ეროვნული მოძრაობა, 1989 წლის 9 აპრილი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დამთავრებულიყო კომუნიზმი და ჩინური სახელმწიფო არის კომუნისტური. ჩინეთიდან ეკონომიკური სარგებელი ვერ მოაქვთ, რიცხვები ამას ადასტურებს. რა წამოიღეს ჩინეთიდან? თვალთვალის გლობალური სისტემები, კამერები ჩინურია, რაც დგას თბილისში და უთვალთვალებს ნახევარ საქართველოს, წარმოიღეს ჭავლის მანქანები და სხვადასხვა ავტოკრატიული სტილის აქციის დამშლელი პროდუქცია და ახლა უნდათ, რომ საქართველოში თავიდან შემოიტანონ კომუნიზმი“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.