პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში კიდევ 42 ე.წ. მაინერი ამოიღო - Palitra News

პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში კიდევ 42 ე.წ. მაინერი ამოიღო

2026-06-11 10:43:18+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით 42 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.