ზურაბ ჯაფარიძე - პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგების სურვილი არ არსებობს, არსებობს ერთადერთი სურვილი, რომ რამენაირად ვიღაცას ხელი ჩამოართვან და მხარდამჭერებს ანახონ, ვითომ დალაგდნენ - რაც შეეხება ალიანსს, არანიარი დაპირისპირება არ არის - Palitra News

ზურაბ ჯაფარიძე - პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგების სურვილი არ არსებობს, არსებობს ერთადერთი სურვილი, რომ რამენაირად ვიღაცას ხელი ჩამოართვან და მხარდამჭერებს ანახონ, ვითომ დალაგდნენ - რაც შეეხება ალიანსს, არანიარი დაპირისპირება არ არის

2026-06-11 11:36:19+04:00

პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგების არანაირი სურვილი არ არსებობს, არსებობს ერთადერთი სურვილი, რომ რამენაირად ვიღაცას ხელი ჩამოართვან, ფოტო გადაიღონ, ვიდეო გააკეთონ, რომ მერე საკუთარ მხარდამჭერებს ანახონ, რომ ვითომ დალაგდნენ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროცესია ჩანიშნული.

როგორც მან აღნიშნა, არ აქვს ინფორმაცია, მათი პროცესი 24 ივნისიდან 11 ივნისს რატომ გადმოწიეს.

„ეს პროცესი უნდა ყოფილიყო 24 ივნისს. რატომ გადმოწიეს 11 ივნისს, არ ვიცი. გუშინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ, 11 ივნისს გადაწყდა. შეიძლება დაკავშირებული იყოს ამერიკელებთან, შეიძლება დაკავშირებული იყოს ევროპის უვიზოსთან, იმიტომ, რომ დღეს არის შეხვედრა ტექნიკურ დონეზე, სადაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილება. კიდევ არის რაღაც საკითხები, რომელთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ამაზე ცალსახად საუბარი იქნება სპეკულაცია.

პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგების არანაირი სურვილი არ არსებობს, არსებობს ერთადერთი სურვილი, რომ რამენაირად ვიღაცას ხელი ჩამოართვან, ფოტო გადაიღონ, ვიდეო გააკეთონ, რომ მერე საკუთარ მხარდამჭერებს ანახონ, რომ ვითომ დალაგდნენ. არანაირი დალაგების სურვილი არ არსებობს. ვერ დალაგდებიან, ხომ ცხადად ასჯერ აუხსნეს უკვე. ამ ქვეყანაში ამერიკის შემთხვევაში არსებობს კონკრეტული გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები, ამ ეკონომიკური ინტერესების გატარებას სჭირდება, რომ ამ ქვეყანაში შემოვიდნენ ამერიკული კომპანიები. ამერიკული კომპანიების ამ ქვეყანაში შემოსვლას სჭირდება, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს კანონის უზენაესობა, არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო და არსებობდეს სტაბილურობა. ამას სჭირდება ზუსტად ის, რაც ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში იყოს - დემოკრატია, იყოს არჩევნები, იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა და იყოს კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო. ერთი და იგივე ინტერესები გვაქვს ჩვენ და ამერიკას“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, მან ოპოზიციური ალიანსში არსებულ იმ დაპირისპირებაზეც ისაუბრა, რის შესახებაც მედიაში ინფორმაცია ვრცელდება. ჯაფარიძის თქმით, ალიანსში არანაირი დაპირისპირება არაა.

„მგონია, რომ ეს დაპირისპირება მედიაში უფროა, ვიდრე სინამდვილეში. ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არის, ალიანსი მუშაობს ჩვეულებრივად. ვიღაცები მოდიან და მუშაობენ, ვიღაცები არ არიან და არ მუშაობენ, მაგრამ ამბობენ, რომ ვმუშაობთო. მე არ ვიცი სად მუშაობენ. ალიანსი დგას კონკრეტულ შეთანხმებაზე, ეს არ არის რაღაც შპს ან კლუბი, რომ ვიღაც მიიღო და გარიცხო. ვიღაცები, ვინც ერთად ვმუშაობთ, ვმუშაობთ წესების დაცვით, ვიღაცებს, ვისაც არა უნდათ ამ წესების დაცვა, არ მუშაობენ ჩვენთან ერთად. არანაირი დაპირისპირება არაფერი არ არის. მედიაშია ამბავი, სხვა არაფერი. დარბაზში შევალთ და ჩვეულებრივად ვილაპარაკებთ ერთმანეთთან“,- განაცხადა ჯაფარიძემ.