თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომა დახურულია - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომა დახურულია

2026-06-11 11:53:37+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის - მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა მოხდება, კერძოდ სასამართლო პროცესზე სამი პირი დაიკითხება.

როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა განაცხადა, მოწმეები ორი საკითხის - აქციების დროს პარლამენტის დაზიანებისა და პოლიტიკური პარტიების ჩხრეკისას ამოღებული ნივთებისა და ნივთიერებების - საკითხთან დაკავშირებით გამოიკითხებიან.

„საქმე მოცულობითია, შესაბამისად ბრალდების მხარემ ეფექტურად უნდა განახორციელოს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დავიწყეთ უშუალოდ მტკიცებულებათა გამოკვლევა.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება, უშუალოდ მოწმეთა დაკითხვებით. დაკითხვა ორ საკითხს შეეხება, პირველი - პარლამენტის დაზიანების საკითხს, ხოლო მეორე - პოლიტიკურო პარტიების ოფისების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერებების და ნივთების ამოღების საკითხი. სხდომაზე დავადასტურებთ იმას, რომ ოფისებიდან ამოღებული ნივთიერებები ძალადობრივი აქციების დროს, წინააღმდეგობის გასაწევად იყო განკუთვნილი.

დაიკითხება სამი პირი, ორი გამომძიებელი და პარლამენტის წარმომადგენელი", - განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

სხდომას ესწრებიან ბრალდებულებიც, გარდა - ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძისა.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.