ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. უფრო კონკრეტულად კი საუბარია უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდების შეძენაზე, რითაც მონეტარული ოქროს წილი საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში 15.5%-ს მიაღწევს. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები იზრდება და ისტორიულ მაქსიმუმს - 7 მლრდ დოლარს მიაღწია, ხოლო მათი მოცულობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლის 114.8%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკი დამატებით მონეტარული ოქროს შეძენასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს სარეზერვო აქტივების შემდგომ დივერსიფიკაციას, რეზერვების მდგრადობის გაუმჯობესებასა და მათი ინფლაციური რისკებისაგან დაცვას. „მონეტარული ოქრო მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ფართოდ აღიარებული სარეზერვო აქტივია, რომელიც ხელს უწყობს პორტფელის გეოპოლიტიკური რისკების მიმართ მდგრადობის გაზრდასა და რისკების შემცირებას.“- ნათქვამია სების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღსანისნავია, რომ მხოლოდ გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვები 2.4 მლრდ დოლარით შეავსო და წლის ბოლოსათვის მისი მოცულობა უკვე 6.16 მლრდ დოლარამდე იყო.
ეროვნული ბანკი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ცენტრალური ბანკები ისევ აგრძელებენ ოქროს შესყიდვას და მხოლოდ 2026 პირველ კვარტალში 970 ტონაზე მეტი ოქრო იქნა შეძენილი, რაც დაახლოებით 80%-ია 2025 წლის განმავლობაში განხორციელებულ მთლიან შესყიდვებთან მიმართებაში. ცენტრალური ბანკების მონეტარული ოქროს მთლიანი შესყიდვები, ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში 1000 ტონაზე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. აღსანიშნავია, ისიც, რომ ცენტრალური ბანკების მხრიდან მოთხოვნა ნაკლებად არის დამოკიდებული ოქროს ფასზე, რაც ძირითადად ოქროს ფასის ქვედა ზღვრის სტაბილურობას უზრუნველყოფს. „უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება, შუა აღმოსავლეთში ესკალაცია, აშშ-ის და ჩინეთის სავაჭრო დაძაბულობა, ასევე 2026 წლის თებერვალში დაწყებული აშშ-ის და ირანის კონფლიქტი - ყველა ეს ფაქტორი თანმიმდევრულად ქმნიდა და აძლიერებდა სტრუქტურულ რისკის პრემიას ოქროს ფასში და ზრდიდა მისი, როგორც უსაფრთხო და დაცული აქტივის ღირებულებას“, - აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.