უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებელი დედაქალაქში კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევა გვეუბნება, თბილისში 2028-2029 წლებში ასაშენებელ პროექტებში ბინების 55% უკვე გაყიდულია. ამავე კვლევიდან ვიგებთ, რომ ამ წლის აპრილში თბილისში, უძრავი ქონების პირველად ბაზარზე მოთხოვნა აღდგა და გაყიდვებმა 2022 წლის შემდეგ თვის ჭრილში რიგით მესამე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. გაყიდვები მაღალ დონეზე შენარჩუნდა მეორად ბაზარზეც და წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი ბაზის ეფექტით იყო განპირობებული.
2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 641 შეადგინა. რაც შეეხება ფასს, 2026 წლის აპრილში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი პირველად ბაზარზე შენელდა და თვის ჭრილში მხოლოდ 0.4%-ით 1 408 დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რომელიც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და 1 371 დოლარი შეადგინა. ასევე კვლევიდან ირკვევა, რომ 2028-2029 წლებში ასაშენებელი პროექტების ნახევარზე მეტი უკვე გაყიდულია.