ევროკავშირი სანქციების 21-ე პაკეტს ამზადებს, რამაც შესაძლოა რუსეთის საბანკო სისტემის 50% ბლოკადაში მოაქციოს. ევროკომისია რუსეთის საბანკო სისტემის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვან გაფართოებაზე მუშაობს, რაც ათობით რუსულ საკრედიტო ინსტიტუტს, ასევე, ფინანსურ კომპანიებსა და კრიპტოსერვისებს შეეხება.
ინფორმაციას Reuters პროექტთან დაკავშირებულ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკავშირის შეზღუდვების 21-ე პაკეტის ფარგლებში სიაში 90 რუსული ბანკია, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ისტორიაში ყველაზე დიდი ერთჯერადი გაფართოებაა. შედეგად, სხვადასხვა წყაროს ცნობით, რუსეთის საბანკო სისტემის, დაახლოებით, 50% ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცევა. ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენის განაცხადებით, ყველაზე მკაცრი სანქციები 31 ბანკს შეეხება, რომლებსაც ევროკავშირის სუბიექტებთან ნებისმიერი ტრანზაქცია სრულად აეკრძალებათ. მათ შეუერთდება მესამე ქვეყნების კიდევ 20 ბანკი, კრიპტოკომპანია ან პლატფორმა, რომლებიც სანქცირებულ რუსულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს მომსახურებას უწევენ. გარდა ამისა, ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი პირველად დააწესებს მესამე ქვეყნებში კრიპტოსერვისების მიწოდების სრულ აკრძალვას, რაც ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კრიპტოპლატფორმებს მასპინძლობენ და რუსეთს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ სანქციების სისტემა მრავალდონიანია. 70 ბანკის წინააღმდეგ სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვები უკვე მოქმედებს, როგორიც არის აქტივების გაყინვა, ტრანზაქციებისა და ფინანსური მომსახურების სრული აკრძალვა და სხვ. ევროკავშირის მიერ დაბლოკილი ბანკების სიაში სისტემურად მნიშვნელოვანი ძირითადი მოთამაშეები შედიან, როგორიც არის სბერბანკი, ვითინი, ალფა ბანკი, როსსელხოზბანკი და სხვა.. ასევე, უფრო მსუბუქი სექტორული სანქციების ქვეშ ბევრი რეგიონული ბანკი რჩება, რაც ევროპულ კაპიტალზე, გრძელვადიან ინვესტიციებსა და გარკვეულ მომსახურებაზე მათ წვდომას ზღუდავს. რუსული ბანკების გარდა, ევროპული სანქციები, ასევე, შეეხო უცხოური ბანკებს, რომლებიც სანქციებისგან თავის არიდებაში მონაწილეობდნენ ან რუსეთის ფინანსური შეტყობინებების სისტემას იყენებდნენ. კერძოდ, სანქციების სიაში მოხვდა ორი ყირგიზული, ერთი აზერბაიჯანული და ერთიც ლაოსური ბანკი