ტექნიკურ მხარეში საკმაოდ გამართული ვართ, როგორც კი პოლიტიკურ თემაზე დაიწყება საუბარი, ჩვენ საკმაოდ სერიოზული არგუმენტებით ვართ შეიარაღებული - როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ვიზალიბერალიზაციის თემაც საერთოდ აზრს კარგავს, თუკი ქვეყანა მოისპო და განადგურდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქართული მხარის არგუმენტები მყარია.
„ტექნიკურ მხარეში, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საკმაოდ გამართული ვართ და კარგი მაჩვენებლები გვაქვს ყველა მიმართულებით. როგორც კი პოლიტიკურ თემაზე დაიწყება საუბარი, რასაც მივესალმებით, ჩვენ საკმაოდ სერიოზული არგუმენტებით ვართ შეიარაღებული. ძირითადი მოთხოვნები 4 საკითხია: ვიზალიბერალიზაციის თემა, საგარეო კურსის თემა და გარკვეული კანონების უკან წაღების თემა. თუკი ეს ყველაფერი ჩვენთვის მისაღები არ არის, ეს განიხილება მათი მხრიდან როგორც დეზინფორმაცია და ევროპის წინააღმდეგ გალაშქრება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები მყარია და ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც საკმაოდ ნათელია შექმნილი სურათი.
4 თემაა, რომლითაც შემოტევა ხორციელდება საქართველოსთან მიმართებაში. ამ ოთხივე თემასთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ მყარი პოზიცია გაგვაჩნია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, კარგად გაიაზროს, რა თემებზეა საუბარი. მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება გარკვეულ ქვეყნებთან, რომლებთანაც ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირს არ გააჩნია, ჩვენთვის კი სტრატეგიული მნიშვნელობის არის და პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ თემებს, საგარეო ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკური სანქციების გამოცხადებაში და თუნდაც, სამხედრო დაპირისპირების პროცესში ჩაურევლობა ჩვენი პოზიციაა და ამას ვერანაირად შევცვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დაინგრევა და მერე უკვე, როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ვიზალიბერალიზაციის თემაც საერთოდ აზრს კარგავს, თუკი ქვეყანა მოისპო და განადგურდა.
რაც შეეხება დეზინფორმაციას ევროპასთან დაკავშირებით - ჩვენ ამაზე ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან თავად ევროპულ ქვეყნებში, ევროპარლამენტში ღია დებატების დროს, საკმაოდ ხშირად გაისმის გარკვეული კრიტიკა. ჩვენც არ უნდა შევიკავოთ თავი და რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ. რაც შეეხება ჩვენს სწრაფვას, საერთოდ, ევროინტეგრაციის პროცესს - ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი საამაყო თემა, ვინაიდან საერთო სტატისტიკური მაჩვენებელი ჩვენ ევროკავშირის წევრ ბევრს ქვეყანაზეც უკეთესი გვაქვს. მათ შორისაა, მართლმსაჯულება, დემოკრატია, კრიმინალთან ბრძოლა, მთავრობის გამჭვირვალობა და ა.შ. ასე რომ, ჩვენი პოზიციები მართალია, თუკი ამას, რასაკვირველია, დავუმატებთ იმ გარემოებას, რაც მსოფლიოშია შექმნილი. რასაკვირველია, საფრთხე მაინც არსებობს. დაპირისპირება, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენსა და ბრიუსელს შორის არსებობს და არგუმენტების ჭიდილი თუ იქნება, რასაკვირველია, ჩვენ კარგი პოზიცია გვაქვს," - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.