შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი, ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, იძალადა მამაკაცზე. დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
„გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის თანმხლებმა პირებმა, ფიზიკურად იძალადეს გარდაცვლილის მეგობრებზე. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.