საერთაშორისო სპეცოპერაციის შედეგად საქართველოში კიბერდანაშაულთან დაკავშირებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს - Palitra News

საერთაშორისო სპეცოპერაციის შედეგად საქართველოში კიბერდანაშაულთან დაკავშირებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს

2026-06-11 21:00:43+04:00

. საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის შედეგად კიბერდანაშაულთან დაკავშირებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივების უკანონო ლეგალიზაციის სქემაში მონაწილეობდნენ.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და კიბერკრიმინალურ ფორუმსაც მართავდნენ, რომელიც უკანონო სერვისების რეკლამირებისა და საერთაშორისო კიბერდამნაშავეებს შორის კავშირების გასამყარებლად გამოიყენებოდა.

გამოძიების ფარგლებში ყადაღა დაედო 173 სატრანსპორტო საშუალებას, უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს. სამართალდამცველების ვერსიით, ეს ქონება დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით იყო შეძენილი.

ოპერაციაში საქართველოს, აშშ-ისა და პოლონეთის სამართალდამცავი სტრუქტურების დაახლოებით 100 წარმომადგენელი მონაწილეობდა.