აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა თუ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება - ეს კითხვა პოლიტიკური დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.
ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ ვეღარ შეძლებს ვაშინგტონთან ძველი დონის პარტნიორობის აღდგენას მას შემდეგ, რაც პეკინი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩინა. მათივე შეფასებით, ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი არ ასახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო მხარდაჭერას და ასევე წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, მათ შორის ნატოს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
მმართველ პარტიაში ამ შეფასებებს არ ეთანხმებიან. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და პარტნიორობა კონკრეტულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ შედეგებზეა დაფუძნებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე მიიჩნევენ, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებისა და თანამშრომლობის კუთხით შეერთებულმა შტატებმა გარკვეული მაგალითები სწორედ ჩინეთის მიდგომებიდან უნდა აიღოს.