ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლისა“ და „რეპრესიული რეჟიმის“ გამო, ევროკავშირი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმების საკითხს განიხილავს.
როგორც მარკეტა გრეგოროვამ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ყოველწლიური ანგარიში კრიტიკული იქნება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიმართ.
მარკეტა გრეგოროვას თქმით, ქვეყანაში „ქართული ოცნების“ და არა კანონის უზენაესობაა, რის გამოც დღის წესრიგში მიზნობრივი სანქციების დაწესება დგება. ის იმედოვნებს, სანქციების წინსვლას აღარავინ დაბლოკავს.
გრეგოროვას თქმით, ანგარიშში კრიტიკა საქართველოს მოქალაქეებს არ ეხება, არამედ საქართველოს მთავრობაზე და მათ „რეპრესიულ რეჟიმზეა“ და კანდიდატის სტატუსს მათ “რეჟიმი ართმევს“.
“შემდეგ კვირას სტრასბურგში პლენარული სხდომა გვექნება და წლიური ანგარიში იქნება საქართველოზე. ცოტა ხნის წინ რეზოლუციები გვქონდა, მაგრამ ეს მთელი წლის შეფასებაა, თუ რა ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით.
იმისდა მიუხედავად, რომ ეს შესწორებების მხრივ საბოლოო ფორმით არ არის, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ის ძალიან კრიტიკულია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან, უფრო მეტი რეპრესიებია განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. პრაქტიკულად აღარ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კომენტარს გააკეთებდნენ პოლიტიკურ საკითხებზე.
დამოუკიდებელ მედიისთვის უკიდურესად რთული ვითარებაა. მათ უმეტესობას ასევე მოუწია [ქვეყნის] დატოვება. ეს დემოკრატიული ქვეყანა არ არის, ყველამ ვიცით ეს. და ეს არ არის ქვეყანა, რომელიც რაიმე ფორმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირთან, ვინაიდან ევროკავშირში კანონის უზენაესობა გვაქვს და საქართველოში “ქართული ოცნების” უზენაესობაა და არა კანონის უზენაესობა. ასე რომ, სამწუხაროდ, სასიამოვნო არ იქნება.
რა თქმა უნდა, მიზნობრივი სანქციების მოწოდება იქნება, განსაკუთრებით მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ჩამდენების წინააღმდეგ, ვინაიდან ახლა, როდესაც უნგრეთმა მთავრობა შეცვალა, იმედი გვაქვს, რომ ორბანის მსგავსად არავინ არ დაბლოკავს სანქციებს და წინსვლა შეგვეძლება, რათა ამ მხრივ მაინც დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს.
რა თქმა უნდა, ანგარიში საქართველოს მოქალაქეებისადმი კრიტიკული საერთოდ არ არის. ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობაზე და მათ რეპრესიულ რეჟიმზეა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეები ჯერ კიდევ ცხოვრობენ საქართველოში და მათ ასევე, მოუწევთ ამ ცვლილებების გადატანა, როგორიცაა კანდიდატის სტატუსის გაუქმება და ა.შ. მაგრამ ეს მათ არ ეხება. მათ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მას მათ არ ართმევენ, რეჟიმს ართმევს”, - განაცხადა გრეგოროვამ.