იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება, იმედი გვაქვს, რომ ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ევროპარლამენტის ანგარიშზე საქართველოსთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტარის თქმით, ანგარიში „ძალიან კრიტიკულია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით”
„ვინაიდან, უფრო მეტი რეპრესიებია განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. პრაქტიკულად აღარ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კომენტარს გააკეთებდნენ პოლიტიკურ საკითხებზე.
დამოუკიდებელ მედიისთვის უკიდურესად რთული ვითარებაა. მათ უმეტესობას ასევე მოუწია [ქვეყნის] დატოვება. ეს დემოკრატიული ქვეყანა არ არის, ყველამ ვიცით ეს. და ეს არ არის ქვეყანა, რომელიც რაიმე ფორმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირთან, ვინაიდან ევროკავშირში კანონის უზენაესობა გვაქვს და საქართველოში “ქართული ოცნების” უზენაესობაა და არა კანონის უზენაესობა. ასე რომ, სამწუხაროდ, სასიამოვნო არ იქნება [ანგარიში].
რა თქმა უნდა, მიზნობრივი სანქციების მოწოდება იქნება, განსაკუთრებით მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ჩამდენების წინააღმდეგ, ვინაიდან ახლა, როდესაც უნგრეთმა მთავრობა შეცვალა, იმედი გვაქვს, რომ ორბანის მსგავსად არავინ არ დაბლოკავს სანქციებს და წინსვლა შეგვეძლება, რათა ამ მხრივ მაინც დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს”, - განახადა გრეგოროვამ.
გრეგოროვამ ისაუბრა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე საქართველოს მიმართ, მისი თქმით, ყოველწლიური ანგარიში დაფინანსების გაჩერების საკითხშიც დაეხმარება.
“ყოველწლიური ანგარიში, რეზოლუციებისგან განსხვავებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის მხრივ, თუ როგორ ვუდგებით საქართველოს, როგორც მთლიანად ევროკავშირი. გარკვეულ სტანდარტს ვაყალიბებთ, როგორც ევროპარლამენტი და ბევრმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ სანქციებისა და სხვა რაღაცების გარდა, რაც ახლა შეიძლება გაკეთდეს, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ღია დაფინანსება გარკვეულ დონეებზე. ეს აუცილებლად არაა მთავრობის მიმართ, ეს შეიძლება ადგილობრივი იყოს, ადგილობრივი რეფორმები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მაინც ფულია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან მიდის ევროკავშირისგან.
ეს ანგარიში, თუ ის ნეგატიური იქნება - და გეუბნებით, რომ ნეგატიური იქნება - დაგვეხმარება ამ დაფინანსების გაჩერებაში. ასე რომ, დაფინანსების მხრივ და პოტენციურად სანქციებთან ერთად, ამას აქვს გავლენა საქართველოს მთავრობაზე”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
გრეგოროვამ გამოთქვა ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“ ფინანსურად მხარდაჭერილია რუსული კავშირებით.
„რა თქმა უნდა, ის [საქართველოს მთავრობა] ძალიან სავარაუდოდ ფინანსურად ნაწილობრივად მხარდაჭერილია მათი კავშირებით რუსეთში - “როსატომისა” და მსგავსების მიერ. ასე რომ, სანამ მათ ეს მილი აქვთ, ისინი დამოკიდებული არ არიან ევროკავშირზე, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ეს მილი არსებობს”, - განაცხადა გრეგოროვამ.