მედია - ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - თბოელექტროცენტრალსა და ქიმიური ქარხნების ტერიტორიაზე ხანძრები დაფიქსირდა - Palitra News

მედია - ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - თბოელექტროცენტრალსა და ქიმიური ქარხნების ტერიტორიაზე ხანძრები დაფიქსირდა

2026-06-12 09:16:31+04:00

დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის რეგიონებზე წუხელ დრონებით თავდასხმები განხორციელდა, რამაც თბოელექტროცენტრალსა და ქიმიურ ქარხნებში ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ სიმფეროპოლში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ადგილობრივი თბოელექტროცენტრალის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა.

ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა სიმფეროპოლის, ნიჟნეგორსკის და კრასნოგვარდეისკის რაიონებში. საჰაერო თავდაცვის აქტივობა და აფეთქებები ასევე დაფიქსირდა „საკის“ სამხედრო აეროდრომის მახლობლად.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით დარტყმა განხორციელდა რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის სამრეწველო ზონაზე. აფეთქებების შემდეგ „ტოლიატიკაუჩუკის“ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული მედია წერს, რომ აღნიშნული ქიმიური ქარხანა სტრატეგიული ობიექტია, რადგან ის აწარმოებს სინთეზურ რეზინას საბურავების ინდუსტრიისთვის, რეზინის პროდუქტებს და მაღალი ოქტანური საწვავის დანამატებს სამხედრო ტექნიკისთვის.

დრონებით თავდასხმა განხორციელდა თათრეთის რესპუბლიკაში, ნიჟნეკამსკნეფტეხიმის ქარხანააზე. ქარხანა 120-ზე მეტი სახეობის პროდუქტს, ძირითადად სინთეზურ რეზინას და პლასტმასს, აწარმოებს.