პოლიტიკურ დღის წესრიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დგას. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, წლების განმავლობაში აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ფურცელზე არსებობდა, ჩინეთთან კი ეს ურთიერთობა რეალური და შედეგიანია. ამ ფონზე უცნობია, თუ როგორ შეძლებს ქართული ოცნება ორ ქვეყანასთან ერთდროულად მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შემდეგ ამერიკასთან ურთიერთობების აღდგენას ვერ შეძლებს. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ თავად ამერიკის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას და ამ კუთხით საქართველოს მიმართ კრიტიკის საფუძველი არ არსებობს. თავის მხრივ, აშშ-ის მხრიდან, ურთიერთობის გადატვირთვის კონტექსტში, სტრატეგიულ ინტერესებზე წერს Freedom House-ის პოლიტიკისა და ადვოკატირების დირექტორი, კეტი ლაროქი. სტატიაში აღნიშნულია, რომ ურთიერთობა არ უნდა გადატვირთოს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე.