„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - საქართველოში 35 ლიცენზირებული TIR PARK-ია და ისინი 9 საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარედ არის მოწყობილი - მათგან 8 TIR PARK-ის მეწილეები და დირექტორები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან - Palitra News

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - საქართველოში 35 ლიცენზირებული TIR PARK-ია და ისინი 9 საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარედ არის მოწყობილი - მათგან 8 TIR PARK-ის მეწილეები და დირექტორები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან

2026-06-12 11:17:54+04:00

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი 8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები, ასევე დირექტორები „ქართული ოცნების” წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მათ “ქართულ ოცნებას” და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 2014 წლიდან დღემდე, ჯამში 1,991,000 ლარი შესწირეს.

„საქართველოში სულ 35 ლიცენზირებული TIR PARK-ია და ისინი 9 საბაჟო გამშვები პუნქტის - სარფის, ყაზბეგის, წითელი ხიდის, სადახლოს (საავტომობილო), ლაგოდეხის, გუგუთის, ნინოწმინდას, ვალესა და კარწახის, მიმდებარედ არის მოწყობილი:

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილის #2-ში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ფიგოილის“ 50% წილის მფლობელია, საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის წევრი და “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველი, გიორგი ჭყონია. შპს „ფიგოილთან” დაკავშირებულმა პირებმა, “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს, 2014 წლიდან დღემდე 797,000 ლარი შესწირეს;

წითელ ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ტირ პარკ მარნეული 2014-ის" ყოფილი მეწილეები არიან „ხალხის ძალის“ და პროპაგანდისტული არხის, „პოსტივის“ დამფუძნებლის, საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანი და მათ ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენი - ოთარ ჩართოლანი. ორივემ 2016-2018 წლებში, როდესაც ამ კომპანიის წილებს ფლობდნენ, “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს, 208,000 ლარი შესწირეს;

გუგუთის (სოფელ პატარა დმანისში) და სადახლოს საავტომობილო (სოფელ სადახლოში) საბაჟო გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი TIR PARK-ების, შპს „გუგუთი ვერტექსის" და შპს „პარკ ვერტექსის" მეწილეები და ხელმძღვანელი არიან თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და სანქცირებულ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან დაახლოებული ბიზნესმენები, ძმები გიორგი და რომან აბრამიშვილები. მათ, 2018 წლიდან დღემდე, “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს, 774,000 ლარი შესწირეს;

ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, სოფელ მაწიმში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ნიუ ჯორჯიას" 30% წილის ყოფილი მფლობელია, „ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი და მათთან დაახლოებული ბიზნესმენი, მინდია საბანაძე, რომელმაც 2016-2017 წლებში, ამ კომპანიაში 30% ფლობის დროს, „ქართულ ოცნებას” 100,000 ლარი შესწირა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან საბაჟო გამშვებ პუნქტებთან არსებული რიგების მოწესრიგების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სატვირთო ავტომობილი, იმის მიუხედავად, ცარიელია ის თუ დატვირთული, საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოცხადებამდე ვალდებულია განთავსდეს სახელმწიფო საზღვრებთან არსებულ იმ ავტოსადგომებში, ე.წ. TIR PARK-ებში, რომლებიც ლიცენზირებულნი არიან შემოსავლების სამსახურის მიერ და ჩართულნი არიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში. ამ TIR PARK-ების მომსახურების საფასური ერთეულ ტრაილერზე შეადგენს 80 ლარს, რის სანაცვლოდ ისინი არანაირ სერვის არ იღებენ, გარდა რიგის მართვის მომსახურებისა. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ეკრძალებათ სახელმწიფო საზღვრისკენ მოძრაობა და შემდგომში საზღვრის გადაკვეთა, რასაც საპატრულო პოლიციის მორიგე ეკიპაჟები მუდმივად აკონტროლებენ“,-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.