მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში სამხრეთ კორეამ ჩეხეთს უმასპინძლა და სანახაობრივი მატჩის შემდეგ 2:1 გაიმარჯვა.
შეხვედრა მაღალი ტემპით წარიმართა. ორივე გუნდი შეტევაზე იყო ორიენტირებული და ბურთი იშვიათად ჩერდებოდა მოედნის ცენტრალურ ზონაში. პირველ ტაიმში მეტ შესაძლებლობას სამხრეთ კორეა ქმნიდა, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა.
სონ ჰინ-მინი გოლთან ორჯერ ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ორივე შემთხვევაში მიზანს ვერ მიაღწია. შედეგად, პირველი ნახევარი უგოლოდ — 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგაც სამხრეთ კორეა უფრო აქტიურად გამოიყურებოდა. სონს კიდევ ერთი იდეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ამჯერადაც მეკარემ აჯობა. მიუხედავად აზიელთა უპირატესობისა, ანგარიში ჩეხეთმა გახსნა — 59-ე წუთზე ზუსტად გათამაშებული აუტის შემდეგ კრეიჩიმ ბურთი ბადეში გაახვია.
გაშვებულმა გოლმა სამხრეთ კორეა კიდევ უფრო გაააქტიურა. მალევე ჰვანგმა წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა თავიდან დაიწყო. ამის შემდეგ ინიციატივა კვლავ კორეელების მხარეს იყო, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩეხეთი სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა.
ერთ-ერთ ეპიზოდში სოუჩეკმა მეტოქის კარი აიღო, მაგრამ ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.
მატჩის ბედი 80-ე წუთზე გადაწყდა. ჰიუნ-გიუმ ჰვანგის ზუსტი გადაცემა გამოიყენა და ახლო მანძილიდან კორეელები წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში ჩეხეთმა ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე შესაძლებლობა მიიღო, თუმცა სამხრეთ კორეის მეკარე შესანიშნავად მოქმედებდა და საკუთარი გუნდის გამარჯვება შეინარჩუნა.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სამხრეთ კორეა მექსიკას შეხვდება, ხოლო ჩეხეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან ითამაშებს.