საპატრიარქო რეზიდენციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ მიიღო. თითოეულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მწუხარება გამოთქვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო და სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოხატეს. შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები უსახსოვრეს.