როცა ერთ კაცი მხოლოდ თავისი შეხედულებისამებრ წყვეტს, ვინ უნდა მართავდეს ამ პარტიის ასობით თუ ათასობით წევრს, ეს ნიშნავს, რომ პარტია, მისი წევრები საერთოდ არაფერს წყვეტენ! უკაცრავად, მაგრამ ავტორიტარიზმი მეტი რა არის? რატომ უნდა დავიჯერო, რომ პარტია, რომელიც ასე იმართება, დაბრუნდება ხელისუფლებაში და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობას დაამყარებს? - ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაანონსებულ განახლების პროცესს გამოეხმაურა.
როგორც ის აღნიშნავს, „ასეთ პარტია ვერასდროს იქნება ვინმეს დემოკრატიული ალტერნატივა“.
“კაციშვილმა არ მითხრათ, ვინც დღეის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩებით, რომ რამენაირად გაწუხებთ ავტორიტარიზმი და არაფორმალური მმართველობა საქართველოში, რომ დემოკრატია გინდათ და ა.შ. თქვენი მხრიდან ეს ყველაფერი იქნება დიდი ფარისევლობა! როცა მრავალათასწევრიან პარტიაში შესაძლებელია, რომ პარტიაში არანაირი პოსტის არ მქონე, უკრაინის მოქალაქემ, ნახოს გადაცემა, სადაც მისი მომხრე აცხადებს, რომ ეს პარტია ამ კაცს ეკუთვნის და ეს ხდება საკმარისი, რათა მიშამ ამ ადამიანს ფაქტობრივად პარტია ისე ჩააბაროს, რომ ამ პარტიის არც თავმჯდომარე, არც მმართველი ორგანო, (ნუ წევრებს საერთოდ არაა ლაპარაკი) ამის აზრზე არ არიან, სწორედ ესაა არაფორმალური მმართველობა!
თუკი მიშა იტყვის, „ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი“ და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ამ პარტიის „ლიდერები“ ტელევიზიებში სიმაღლის მიხედვით დამწკრივდნენ და დაიწყონ საზოგადოების დარწმუნება, თუ რა გენიალური გადაწყვეტილება მიიღო მიშამ, ეს სხვა არაფერია თუ არა უთავმოყვარეობა და ბელადისადმი უსიტყვო მორჩილება. როცა ერთ კაცი მხოლოდ თავისი შეხედულებისამებრ წყვეტს, ვინ უნდა მართავდეს ამ პარტიის ასობით თუ ათასობით წევრს, ეს ნიშნავს, რომ პარტია, მისი წევრები საერთოდ არაფერს წყვეტენ! უკაცრავად, მაგრამ ავტორიტარიზმი მეტი რა არის? რატომ უნდა დავიჯერო, რომ პარტია, რომელიც ასე იმართება, დაბრუნდება ხელისუფლებაში და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობას დაამყარებს? ეს ხალხი გადაანაწილებს ძალაუფლებას, მოახდენს დეცენტრალიზაციას, გააძლიერებს თვითმმართველობას და დაასრულებს ჩვენი ქვეყნის 35 წლის უბედურებას, სახელმწიფოს საბჭოთა სტილის მართვის ტრადიციას? მეტი არაა ჩემი მტერი! ხაზი მინდა გავუსვა, ჩემთვის საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურ საკითხს, როგორი ადამიანია ნანუკა ჟორჟოლიანი, რა აქვს გაკეთებული, კარგი თუ ცუდი, არ ვაპირებ ამ საკითხებზე არავისთან კამათს!
ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთ პარტია ვერასდროს იქნება ვინმეს დემოკრატიული ალტერნატივა. გამორიცხულია! ეს არის ზუსტად ისეთივე ავტორიტარული ორგანიზაცია, არაფორმალური მართვით, როგორც „ოცნება“! ორივეგან თითო კაცი იღებს გადაწყვეტილებებს, რაც მთავარია, იქაც და აქაც არსებობს შლეიფები ბელადების მიმართ აბსოლუტურად მორჩილი, ტოტალიტარული აზროვნების მქონე ადამიანების, რომლებიც თვლიან, რომ სწორია, როცა ბელადი მათ ასე ეპყრობათ, მზად არიან თავდახრილი მიიღონ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება, დაუსრულებლად ამართლონ ეს გადაწყვეტილებები და ადიდონ ბელადი! მესმის, რომ კობახიძე პრემიერ - მინისტრია, ამიტომ მისგან პრესკონფერენციების ჩატარება ვინმეს სადიდებლად, მაგარი სირცხვილი და თავის მოჭრაა, მაგრამ ერთი წუთით მაინც დაფიქრდით, მენტალურად რა განსხვავებაა კობახიძის და მიშას მიმართ იმ პანეგირიკების ავტორებს შორის, რასაც ან სოცქსელებში ვკითხულობთ ან ტელეეკრანიდან ვისმენთ ხოლმე?
მე რასაც ვუყურებ, ორივე მხარეს მრავლადაა ხალხი, რომელთათვისაც პოლიტიკაში ყოფნის ერთადერთი გზა, ბელადის სახელით სპეკულირებაზე და მისთვის ოსანას შეძახილზე გადის! ეს არის ერთადერთი „პოლიტიკური ნიჭი“ და „მოქნილობა“, რის გამოვლენაც ამ ადამიანებს შეუძლიათ! ჩემთვის ეს ხალხი აბსოლუტურად ერთი მენტალობისაა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ ბელადს უჭერს მხარს, რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან, ჩაცმულობით, ვარცხნილობით, თუ გამოყენებული სუნამოს ხარისხით! ისე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ხალხმა, წლების განმავლობაში მიშას ყველა გადაწყვეტილებებზე თავის დაკვრით და „ჯოს“, “ჯოს“ ძახილით მიიყვანეს სააკაშვილი ციხის კარებამდე!
მილიონჯერ მითქვამს, დამიწერია და ახლაც მინდა გავიმეორო, ქართულ პოლიტიკაში თავისუფლებასა და ტოტალიტარულ აზროვნებას შორის გამყოფი ხაზი არასდროს გადიოდა და არც ახლა გადის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის! ეს ხაზი, რომელიც თავისუფალ და არათავისუფალ ადამიანებს ყოფს, ყოველთვის ძალიან ტეხილი იყო, ხშირად პარტიების შიგნითაც კი გადიოდა. სამწუხაროდ, ამ ხაზით შემოფარგლული თავისუფლების ზონა საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან მცირე და დაუცველია, მას ემტერებიან არა მხოლოდ სახელისუფლო, არამედ ოპოზიციონერი ბელადებიც თუ "ბელადუკებიც" და თავიანთი მრევლებით! საზოგადოება დამარცხდება ყოველთვის, სანამ საფრთხეს მხოლოდ ერთ მხარეს დაინახავს და მეორე მხარეზე თვალს დახუჭავს, რადგანაც ასე ჩააგონეს, ასე ამუნათებენ, რომ ოპოზიციის კრიტიკა ახლა „არ მოსულა“, თურმე ბიძინას წისქვილზე ასხამს წყალს! სინამდვილეში კი, პირიქითაა! თუკი ოპოზიციაც ასეთი დარჩება, როგორიც არის, ის ვერასდროს ვერ გახდება ხალხის თვალში ხელისუფლების უკეთესი ალტერნატივა და ამით ყოველთვის „ოცნება” იხეირებს! ცუდია თუკი ამას კიდევ ვერ ვხვდებით!
P.S. პირადად მე, ჩვენი ქვეყნის განვითარების ვერცერთ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრობას“ თავისუფალი სივრცის ნაწილად ვერასდროს აღვიქვამდი. ამაზე ბევრი კამათი და ჩხუბი მქონია, მაგრამ რაც დრო გადის, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები ამ პოზიციის სისწორეში”, - წერს ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში.