„ძლიერმა სომხეთმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართა - Palitra News

„ძლიერმა სომხეთმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართა

2026-06-12 18:10:44+04:00

ბლოკმა „ძლიერმა სომხეთმა“, რომელმაც 7 ივნისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, - ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.

ბლოკის წარმომადგენელმა არამ ვარდევანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განაცხადში, რომელიც მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა, ასახულია საარჩევნო პროცესის ყველა მასშტაბური დარღვევა, რომელიც მოხდა როგორც კენჭისყრის დროს, ასევე მანამდე.

„ვფიქრობ, ბევრი ადამიანი ადევნებს თვალყურს ყველაფერს, რაც სომხეთში არჩევნების შემდგომ პროცესში ხდება. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - აღნიშნა ვარდევანიანმა.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ განცხადების განხილვისას, ასევე ვალდებულია განიხილოს განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების საკითხი, რადგან თუ გაუქმებული საარჩევნო უბნების შედეგები გავლენას ახდენს არჩევნების საერთო შედეგებზე, ხელახალი კენჭისყრა აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, მმართველმა „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიამ ხმების 49.8% მიიღო. მეორე ადგილზე ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ გავიდა ხმების 23.2%-ით, მესამეზე კი - ბლოკი „სომხეთი“ 9.9%-ით.