საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა კვლავ პოლიტიკური განხილვის აქტუალურ თემად რჩება. სწორედ ამ საკითხზე ბრიუსელში საქართველოს დელეგაცია ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათი შეფასებები მოისმინა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე. განხილვის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზეც, რომლებიც, მხარეთა შეფასებით, ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაცულია დემოკრატიული პრინციპები და ადამიანის უფლებები, რის გამოც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს. ოპოზიციაში კი განსხვავებული მოსაზრება აქვთ და ვარაუდობენ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში შეიძლება კვლავ დადგეს დღის წესრიგში.