პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი, დამნაშავედ ცნო დანაშაულის ჩადენის მიზნით კრიმინალური შეთქმულების მოწყობაში. ასევე, ბრალდებულთაგან რამდენიმე მათგანი კულტურული ობიექტის ქურდობისთვის გაასამართლეს. Le Monde წერს, რომ ორი მათგანი დაუსწრებლად გაასამართლეს, რადგან ისინი უკვე საქართველოში არიან დაკავებულები. ასევე, ორი ბრალდებული, მიხეილ ზამთარაძე და ბექა ცირეკიძე მსგავსი დანაშაულებისთვის სხვა ქვეყნებში არიან გასამართლებული და საფრანგეთს დროებით გადასცეს. პარიზის სასამართლოში ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობის საქმეზე საქართველოს მოქალაქეების სასამართლო პროცესი 9 ივნისს დაიწყო. საქმე 2023 წელს საფრანგეთის ბიბლიოთეკებში მომხდარ დანაშაულებს ეხება. ასევე, წიგნების ქურდობებს ადგილი ჰქონდა გერმანიის, ჩეხეთისა და შვეიცარიის ბიბლიოთეკებშიც, რის შემდეგაც „ევროპოლისა“ და „ევროჯასტის“ ფარგლებში საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა და 2024 წელს რამდენიმე პირი დააკავეს.