ალბანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 200-მა მომიტინგემ ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ძვირადღირებული სამშენებლო ობიექტის გარშემო ლითონის ბარიერები და მავთულხლართები გაარღვიეს. ამასთან, აქტივისტებმა მშენებლობის ადგილას ეროვნული დროშები ააფრიალეს და „რევოლუციას“ სკანდირებდნენ. შეგახსენებთ, ალბანეთში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ორი კვირაა გრძელდება. დემონსტრაციები, გარემოს დაცვის მოთხოვნით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქალიშვილი, ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი მრავალმილიარდიანი კურორტის მშენებლობას გეგმავენ.