გადაიტვირთება თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები? ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მოქმედი კურსის პირობებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება რთულად წარმოსადგენია. მათი შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას უნდა დაუბრუნდეს და ის რეკომენდაციები შეასრულოს, რომლებზეც ვაშინგტონი საუბრობს. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებისთვის მზად არის. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მათი შეფასებით ამერიკის წინა ადმინისტრაციის პერიოდში დაზიანდა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აღდგება.