შსს - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა - Palitra News

შსს - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა

2026-06-15 18:58:37+04:00

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი 7 საქმე დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

კერძოდ, უწყებაში აცხადებენ, რომ 2026 წლის პირველი ივნისიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა. აქედან 30 საქმეზე ჩაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი დასრულდა 7 საქმე.

„სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი პირველი საქმის განხილვა დასრულდა 2026 წლის 11 ივნისს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა. რაც შეეხება, აღნიშნულ საქმეებზე გამოცხადებულ პირველ გადაწყვეტილებას, იგი გამოცხადდა 2026 წლის 12 ივნისს, ონის მაგისტრატი სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ პირველი საქმე განიხილა დღეს და იგი მიემართებოდა ნინო წილოსანის მიმართ ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტს.

სამმართველოს მიზანია უზრუნველყოს საჯაროდ გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი, ასევე, სიძულვილის ენის შემცველი იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომლებიც შეიცავენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელება”, - განმარტავენ უწყებაში.

შსს-ში აცხადებენ იმასაც, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი საქმეების განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.

„შესაბამისად, მიმდინარე სამართალწარმოებისა და მისი შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება”, - აღნიშნავენ უწყებაში.