ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკრაინა და მოლდოვა ახალ ეტაპზე გადადიან, საქართველო კი უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების რისკთან დაკავშირებულ დისკუსიებში რჩება.
სწორედ ამ ფონზე გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც საქართველოს შესახებ არაერთი კრიტიკული შეფასება გაჟღერდა. მაშინ, როცა კიევთან და კიშინიოვთან წევრობაზე
მოლაპარაკებების პირველი კლასტერი იხსნება, თბილისთან სავიზო საკითხებზე კონსულტაციები კვლავ გრძელდება. ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით აფასებს და მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზას შორდება.
„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ უვიზო რეჟიმის საკითხი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება და ეროვნული ინტერესების ხარჯზე მისი შენარჩუნება მიუღებელია. ოპოზიცია კი პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ შესაძლო შეზღუდვების მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკა იქნება.