დრონებით თავდასხმის შედეგად მოსკოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტელეგრამ“ არხის Exilenova-ს ცნობით, მოსკოვის კაპოტნიას რაიონში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის, რომელიც კრემლიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დილით მოსკოვის თავზე საჰაერო თავდაცვამ 37 დრონი ჩამოაგდო.
სობიანინმა დაადასტურა, რომ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში მოსკოვზე მტრის მიერ დრონებით თავდასხმები გრძელდება. ერთ-ერთმა დრონმა ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი დააზიანა. დაშავებულები არ არიან. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ“, - აღნიშნა მოსკოვის მერმა.