მსოფლიო ბანკი წელს საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით, 0.5%-ით ნაკლებია. ქვეყანა ენერგორესურსების გაძვირების რისკჯგუფშია. შესაბამისად, საქართველოსთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 5%-მდე შემცირდა, თუმცა მომავალი წლისთვის პროგნოზი 0.5%-ით ისევ გაუმჯობესებულია და 5.5%-მდეა გაზრდილი. შედარებისთვის: 2025 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონს, აქაც შარშანდელი 3.9%-იანი ზრდიდან წელს და მომავალ წელს პროგნოზი 3.4%-მდე, ხოლო 2028 წლისთვის 3.2%-მდე არის გაუარესებული. „ინფლაცია, სავარაუდოდ, წელს გაიზრდება, რაც გამოწვეული იქნება ენერგორესურსებისა და სურსათის ფასების ზრდით, ხოლო 2027–2028 წლებში შემცირდება, რადგან სასაქონლო ფასებზე ზეწოლა შემცირდება. ენერგორესურსების ფასის გავლენა ინფლაციაზე, სავარაუდოდ, უფრო ძლიერი იქნება ენერგომპორტიორ ქვეყნებში, სადაც ენერგიის წილი მომხმარებელთა ფასების ინდექსში მაღალია, როგორიც არის სომხეთი, საქართველო და სერბეთი. ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკა მუდმივი ინფლაციური ზეწოლის ფონზე შემზღუდავი დარჩება,“ - წერია ანგარიშში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ენერგორესურსებზე მაღალი ფასები, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ ზეწოლას სომხეთზე, საქართველოზე, მოლდოვასა და თურქეთზე მოახდენს, სადაც მისი სუფთა იმპორტი მოხმარების 70%-ს აღემატება.
ზოგადად, მსოფლიო ბანკმა ახლო აღმოსავლეთში ომის გამო 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5%-მდე შეამცირა. ამასთან, ბანკი გაფრთხილებას იძლევა, რომ თუ ენერგომომარაგება კიდევ უფრო შეფერხდება და ფინანსურ ბაზრებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა მოხდება, გლობალური ეკონომიკური ზრდა შესაძლოა კიდევ, 1.3%-მდე შემცირდეს. ანგარიშის თანახმად, გლობალური ეკონომიკა 2025 წელს 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პროგნოზი იანვრის შეფასებასთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც პანდემიის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.