ერთ თვეში საარსებო შემწეობა 41 ათასამდე ადამიანს შეუწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცვლეთა სიების ე.წ. წმენდა უკვე დაწყებულია. უფრო კონკრეტულად, აპრილში თუ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 645 920 ადამიანს შეადგენდა, მაისში 605 033-მდე შემცირდა. რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2025 წლის მაისში სახელმწიფო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასი ადამიანით მეტი იყო და 705 ათასს აჭარბებდა. შეგახსენებთო, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების ხელოვნურად გაზრდილ რაოდენობაზე თავდაპირველად განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ „ამჟამად სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე ღარიბია და ამიტომ, ეს მაჩვენებელი გადასახედიაო.“ ხელისუფლებამ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება და კრიტერიუმების შეცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა. როგორც მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, მიზანია რომ ბაზაში დარჩნენ ისინი, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება. მოგვიანებით კი მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესები შეცვალა. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში გაჩნდა მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უწყვეტს.