ტურისტული ბუმი რუსეთიდან: საქართველოსთან დაკავშირებით მოთხოვნა 66%-ით გაიზარდა - Palitra News

ტურისტული ბუმი რუსეთიდან: საქართველოსთან დაკავშირებით მოთხოვნა 66%-ით გაიზარდა

2026-06-16 13:37:32+04:00

ტურისტული ბუმი რუსეთიდან: საქართველოსთან დაკავშირებით მოთხოვნა 66%-ით გაიზარდა. ჩვენი ქვეყანა წამყვან სამეულს ხურავს იმ ქვეყნებს შრის, სადაც ზაფხულში რუსეთიდან მოგზაურობებზე მოთხოვნა ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაიზარდა. ასეთია „ტასის“ მიერ გავრცელებული ცნობები, რომელიც სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ-დაჯავშნის სერვისის, „ოსტროვოკის“ კვლევას ეყრდნობა. სწორედ ამ კვლევიდან ხდება ცნობილი, რომ რუსებს შორის საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა, 2025 წელთან შედარებით, 66%-ით გაიზარდა. პირველ ადგილზე ვიეტნამია, რომელთანაც წლევანდელ სეზონზე რუსეთიდან საჰაერო მიმოსვლის ზრდის გამო ტურისტული მოთხოვნა გაორმაგდა, მეორე ადგილზე კი 83%-იანი ზრდით ჩინეთია. საქართველოს მოსდევს და მეოთხე პოზიციას კორეის რესპუბლიკა იკავებს, შემდეგ პოზიციებს კი სომხეთი და უზბეკეთი ინაწილებენ. “ოსტროვოკი” თავის რეიტინგში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს, აფხაზეთს ტრადიციულად ცალკე მიმართულებად ასახელებს, სადაც მოთხოვნა წლის განმავლობაში, ასევე, მნიშვნელოვნად, 26%-ით გაიზარდა. ზოგადად, რუსებს შორის ზაფხულის საერთაშორისო მოგზაურობებზე მოთხოვნა, წინა წელთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა. კვლევის თანახმად, წლევანდელი ზაფხულისთვის 10 ყველაზე პოპულარული საგარეო მიმართულება ბელარუსი, ოკუპირებული აფხაზეთი, თურქეთი, საქართველო, სომხეთი, იტალია, ყაზახეთი, უზბეკეთი, იაპონია და ჩინეთია.