სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. შესაბამისი განცხადება უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
სუს-ის ცნობით, 8 პირიდან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის, აღნიშნულ დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მიღება, დაკავებული და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნა ჯამში 8 პირი, მათ შორის არის სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე“, - განაცხადეს სუს-ში.