შალვა პაპუაშვილი მუშაობს იმაზე, რომ არ შევიდეთ ევროკავშირში, ამ იდეით იძინებს და ამ იდეით იღვიძებს. გაიღვიძებს და უცბად, იგინება ევროკავშირზე , - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ევროკავშირზე გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება.
ლაშა ტუღუშმა პაპუაშვილის განცხადებებს „არასერიოზული“ და „თითიდან გამოწოვილი“ უწოდა.
„ასეთი გამოსვლა, თან ამ ფორმით, რომ ასეთი უთანასწორობა იყო საბჭოთა კავშირში, ნიშნავს იმას, რომ დისკრედიტაციაზე მუშაობ. პარლამენტის თავმჯდომარე მუშაობს და მისი საქმეა მხოლოდ ერთი, მისი ყველა გამოსვლა ერთი და იგივეა, რომ „ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი“, „ევროკავშირი არის ქართული ეკლესიის წინააღმდეგ“ და ეუბნება, რომ „ცივი წყალი დალიეთ“. მგონი, ჯობია, რომ ცივი წყალი თავად დალიონ, რადგან მათ [ევროპაში] საერთოდ არ ადარდებთ ასეთი ხალხი რას იტყვის.
ამბობენ, რომ [ევროკავშირში] „ეკლესიის წინააღმდეგი არიან, იდენტობის წინააღმდეგი არიან, უნდა დაგვიმონონ“ და ა.შ. არასერიოზული ეს ყველაფერი იმ თვალსაზრისით, რომ არაარგუმენტირებულია და თითიდან გამოწოვილია. შალვა პაპუაშვილი მუშაობს იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირში არ გაწევრიანდეს, საზოგადოებას აზრი შეუცვალოს ნეგატიურად.
ევროპაში რაც კი ქვეყანაა, ყველა თავქუდმოგლეჯილი მირბის ევროკავშირში იმიტომ, რომ უმაგრესი სისტემა აქვთ ყველა თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც პრობლემები ჰქონდეს, უპრობლემო მხოლოდ ღმერთია. ევროპის კონტინენტზე არცერთი ქვეყანა ასეთ ზღაპრებს არ ლაპარაკობს. შალვა პაპუაშვილი მუშაობს იმაზე, რომ არ შევიდეთ ევროკავშირში, ამ იდეით იძინებს და ამ იდეით იღვიძებს. გაიღვიძებს და უცბად იგინება ევროკავშირზე. რაღაცებს რომ ლაპარაკობს უკვე უხერხულიც აღარ არის მისი ეს პოზიციები. უკვე სასაცილოც აღარ არის, ასეთი აბსურდები, რაღაც საოცარი ჯოჯო იდეებია“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება.
პაპუაშვილის განცხადებით: „ნაბიჯ-ნაბიჯ გვაგუებდნენ და ახლაც გვაგუებენ იმ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, ჩვენ ევროკავშირში მეორეხარისხოვანი ერი ვიქნებით“
მისივე თქმით, „აღმოჩნდა,რომ საქართველო თურმე არა მხოლოდ ევროკავშირში შესვლისთვის უნდა იდგეს „ცალ ფეხზე“, არამედ შესვლის შემდეგაც“.