ნიკოლოზ სამხარაძე - ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ - მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით - Palitra News

ნიკოლოზ სამხარაძე - ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ - მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით

2026-06-16 19:58:58+04:00

ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ლუქსემბურგის მხარეს იმის შესახებ, თუ რა ხდება როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში.

„ახლახან დასრულდა ჩვენი შეხვედრა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და კომიტეტის წევრებთან. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იმ საკითხებზე, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს,ასევე უსაფრთხოების ვითარებას ჩვენს რეგიონში, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და ასევე ეკონომიკურ პროგრესს.

ლუქსემბურგის პარლამენტებს ჰქონდათ კითხვები სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით და ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ მათ იმის შესახებ, თუ რა ხდება როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, თუ რა როლს თამაშობს საქართველო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში და ასევე ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. დიდი ინტერესი გამოიწვია იმიტომ, რომ ბევრი წევრი დაესწრო ამ შეხვედრას. ლუქსემბურგის პარლამენტი შედარებით მცირერიცხოვანია და ათზე მეტი წევრი იყო ამ შეხვედრაზე, ესეც ნათლად აჩვენებს იმ ინტერესს, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს”, - დასძინა სამხარაძემ/.

მან ისაუბრა ლუქსემბურგის საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზეც და აღნიშნა, რომ

„ასევე დღეს შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში და აქაც, ვთხოვეთ ლუქსემბურგულ მხარეს, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად. ასევე მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ გამჭვირვალობის კანონს. ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის განცხადებით, შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლუქსემბურგს ეწვევა.