ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ირგვლივ დებატები გამწვავდა მას შემდეგ, რაც ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვის საკითხი გაჟღერდა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. მის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა იმ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომლებზეც ევროკავშირი შეიქმნა. მისი შეფასებით, წევრი ქვეყნების გავლენის შემცირების შემთხვევაში, კავშირი იმ სახეს დაკარგავს, რომლისკენაც საქართველო წლების განმავლობაში მიისწრაფვის. პარალელურად, ბრიუსელი უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების პირველ კლასტერს ხსნის. ევროკომისიის შეფასებით, ორივე ქვეყანამ აუცილებელი პირობები შეასრულა, მაშინ როცა საქართველოს საკითხზე ევროპულ ინსტიტუტებში განხილვა კვლავ გრძელდება.