საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შეთავაზების შესახებ თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ამის შესახებ თავად სააკაშვილს არსად დაუწერია. პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის თქმით, ხელმძღვანელობს საჯარო პოზიციით, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს. არადა, თავად ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტმა მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ნაციონალურ მოძრაობაში არსებული რეორგანიზაციისა თუ ალიანსთან სამომავლო კოორდინაციის საკითხების ფონზე ხელისუფლების ოპონენტები მორიგი აქციისთვის ემზადებიან. „გვახსოვს გავრილოვის ღამე“ - ამ სახელწოდებით დაგეგმილი მსვლელობა 20 ივნისს, 19:00 საათზე ფილარმონიასთან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აქციაში მონაწილეობას აპირებს და მიიჩნევს, რომ 2019 წლის მოვლენების პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეხსენება აუცილებელია.