„საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს და კიდევ 7 პირს ბრალდება დღეს წარედგინება - Palitra News

„საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს და კიდევ 7 პირს ბრალდება დღეს წარედგინება

2026-06-17 10:07:36+04:00

სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაკავებულ 6 და ძებნაში მყოფ 2 პირს, მათ შორის, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს ბრალდება დღეს წარედგინება. უფრო კონკრეტულად კი, ყველა მათგანს ბრალდებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 10:00 საათზე წარუდგენენ. სწორედ ამ დროს მივლენ უფლებადამცველები უწყებაში.

დაკავებული პირები არიან: ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, გიორგი კურტანიძე, მალხაზ ომარაშვილი, გიორგი მარუქაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი. ძებნაში იმყოფება დავით ფერაძე და კიდევ ერთი პირი.

ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მათგან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.

დავით ფერაძე შემოდგომაზე, სს "საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2025 წლის 7 მაისამდე იკავებდა.