ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის სასამართლო პროცესი 1 კვირით გადაიდო.
აღნიშნულის მიზეზი მათთან საპროცესო შეთანხმების შესაძლო გაფორმებაა. როგორც დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, დაკავებულმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა, უწყებას ამ ეტაპამდე აღნიშნულზე არ უმსჯელია.
შესაბამისად, ადვოკატებმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენეს, რათა პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიცია გახდეს ცნობილი.
სხდომა 24 ივნისს, 11:00 საათზე ჩატარდება.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 13 პირს - კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.