განსაკუთრებით მაინტერესებს ივანიშვილის ორი წარმომადგენლის - მაკა ბოჭორიშვილის და თეა ახვლედიანის აზრი, რომლებიც წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ელენე ხოშტარიასთან, მეტიც, მეგობრობდნენ მასთან - რას ფიქრობთ, ელენეს შვილები არ იმსახურებენ ჯანმრთელ დედას და საკუთარ სახლში? თქვენი შვილები სად არიან? ევროპაში? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს? ღამე როგორ გძინავთ? - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სამადაშვილის თქმით, პოლიტიკოსს, რომელიც ცხოვრების განმავლობაში იბრძვის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, ახლა ჯანმრთელობას უნგრევენ „ივანიშვილის დილეგში.“
„ოთხი შვილის დედას, ქართველ ქალს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იბრძვის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, კალაძის ბანერზე ფლომასტერით წარწერისთვის, უნგრევენ ჯანმრთელობას ივანიშვილის დილეგში.
მე განსაკუთრებით მაინტერესებს ელენე ხოშტარიას დღევანდელ მდგომარეობაზე ივანიშვილის ორი წარმომადგენლის-მაკა ბოჭორიშვილის და თეა ახვლედიანის აზრი, რომლებიც წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ელენე ხოშტარიასთან, მეტიც, მეგობრობდნენ მასთან. (სხვა საქოცეთში პორტირებულის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამ ორით შემოვიფარგლები)
რას ფიქრობთ, ელენეს შვილები არ იმსახურებენ ჯანმრთელ დედას და საკუთარ სახლში? თქვენი შვილები სად არიან? ევროპაში? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს? ღამე როგორ გძინავთ? როგორ აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას რეჟიმის დასრულების შემდეგ?
რამდენი განსხვავებაც არ უნდა მქონდეს ელენესთან პოლიტიკური ბრძოლის გზებზე, წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია ის დღეს. საზოგადოება ამას არ უნდა შეეგუოს!“, - განაცხადა სამადაშვილმა.