გიგა ლემონჯავა - ელენე ხოშტარია ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება, გაუსაძლისი ტკივილები აქვს - პატიმრობაში მისი მკურნალობაა მედიკამენტების, ძირითადად ტკივილგამაყუჩებლის მიცემა - Palitra News

გიგა ლემონჯავა - ელენე ხოშტარია ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება, გაუსაძლისი ტკივილები აქვს - პატიმრობაში მისი მკურნალობაა მედიკამენტების, ძირითადად ტკივილგამაყუჩებლის მიცემა

2026-06-17 19:43:27+04:00

პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და გადაადგილებას ყავარჯნების დახმარებით ახერხებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ხოშტარიასთვის მიმდინარე მკურნალობა ძირითადად ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიწოდებით შემოიფარგლება, რაც, მისი შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს.

„დღის პირველ ნახევარში გაავრცელეს განცხადება, სადაც არა ერთი ტყუილია და ამ ტყუილების შესახებ პარტია „დროამ“ გაავრცელა განცხადება. პენიტენციურის განცხადებაში წერია, რომ თითქოს, ელენე ხოშტარიას არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მეორე მხრივ, იმავე განცხადებაში წერია, რომ მდგომარეობა გამწვავებულიაო და სისტემურ შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობას უტარებენო. სინამდვილეში ეს არის მოვალეობის მოხდის მიზნით მედიკამენტების მიცემა, ძირითადად ტკივილ გამაყუჩებლების, რაც სამედიცინო შედეგს ვერ მოიტანს პაციენტის მკურნალობის თვალსაზრისით. პრესკონფერენციამდე გულგრილობით ეკიდებოდნენ ამ ამბავს. მხოლოდ პრესკონფერენციის შემდეგ კეთილი ინებეს და ელენესთან კომუნიკაცია ჰქონდა ციხის ადმინისტრაციას.

სინამდვილე არის ერთი, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. მას ჯანმრთელობის პრობლემები დაპატიმრებამდე ჰქონდა ქრონიკული დაავადებების სახით. დღეს ელენე არის იმ მდგომარეობაში, როდესაც ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. ვისაც ახსოვს მისი დაპატიმრება, ახსოვს რომ ელენე ყავარჯნით არ შესულა. მას აქვს გაუსაძლისი ტკივილები“,- განაცხადა ლემონჯავამ.

ლემონჯავას თქმით, ელენე ხოშტარია უარს ამბობს პენიტენციურ სამსახურთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, ხოლო პარტიის მიერ გამართული პრესკონფერენციის მიზანი იყო როგორც საქართველოს საზოგადოებისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

„ელენეს პრინციპული პოზიციაა, რომ ის არც პენიტენციურ სამსახურს, არც რეჟიმს. დღევანდელი პრესკონფერენციის მიზანი იყო ინფორმირება,როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენს პარტნიორებს დამატებით ვაწვდით ინფორმაციას ელენს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“,- განაცხადა ლემონჯავამ.