„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ის არ ეთანხმება პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და მიიჩნევს, რომ პარტიაში ხელმძღვანელი პირების არჩევის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პარტიაში გარკვეული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია უკვე დიდი ხანია განიხილება და აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელი და გვარი სახელდებოდა.
„თვეზე მეტია ვიცი, რომ კონკრეტული სახელი და გვარები განიხილება. დარწმუნებული ვარ, თინამაც იცოდა, თუმცა რეალობა არის ის, რომ ეს გაუგებრობა შეიქმნა. სინამდვილე არის ის, რომ არსებობს კონკრეტული პრობლემები. ნანუკასთან [ჟორჟოლიანი] ერთად და მისი პლატფორმა - „უმრავლესობა“დაგვემატება. ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან. ჩემი მეგობარია ლუკა ჭოხონელიძე და სხვა ახალგაზრდები. ეს არის სიმდიდრე, რომელსაც პარტია იმატებს იმ ვითარებაში, როდესაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას აკრძალავს. ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა მკაფიოდ დაწერა, რომ შიდა დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია თავმჯდომარე აირჩეოდეს და პირდაპირი დემოკრატია ამუშავდეს. ლევან ხაბეიშვილი ცუდი ფორმით გადააყენეს პარტიის თავმჯდომარეობიდან და მეგონა ამაზე ისაუბრებდა თინა ბოკუჩავა, თუმცა ამაზე არ იყო საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი ხუთი წელია, რაც ციხეშია. სრულად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს იმ ნაწილში, რომ პარტიას სჭირდება ისეთი სოცმედია პლატფორმები, რომელიც უკვე შექმნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
იმ განცხადებას, რაც დღეს თინა ბოკუჩავამ გააკეთა, არ ვეთანხმები. პარტიას სხვა პრობლემები აქვს. თინა ბოკუჩავას და სხვა ხელმძღვანელ პირებს ვადა ამოეწურათ. პარტიაში უნდა დაიწყოს მსჯელობა იმაზე თუ როგორ უნდა მოხდეს კონკრეტული ადამიანების არჩევა“, - განაცხადა ფარულავამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი არის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. სააკაშვილის თქმით, "პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს". მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა მედიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და განაცხადა, რომ სააკაშვილის "ფეისბუქ" პოსტი "მოულოდნელი იყო". ბოკუჩავას თქმით, მისთვის "უკიდურესად სამწუხაროა" და მიაჩნია, რომ "სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ".
როგორც ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავა 2024 წლის 8 ივლისს აირჩიეს, თინა ბოკუჩავას 2-წლიანი მანდატი, დაახლოებით ერთ თვეში ეწურება.