ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილი არ არის, ოღონდ კარგი იქნება, თუ ჯერ თავისი პარტიით დაკავდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
აკაკი ბობოხიძის თქმით, სურვილი აქვს, რომ თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აღარ იქნება, თინა ბოკუჩავამ პოლიტიკას თავი არ დაანებოს, რადგან ძალიან ეფექტურია საერთაშორისო ასპარეზზე.
„მიხეილ სააკაშვილი პირველ რიგში უნდა დაკავდეს საკუთარი პარტიის შესაძლებლობების მაქსიმუმთან მიახლოებით. როგორ მოახერხებს და მოახერხებს თუ არა, მომავალი გვაჩვენებს. მე ვიცი ერთი რამ, რომ თინა ბოკუჩავა იყო ძალიან ეფექტური საერთაშორისო ასპარეზზე. იმედი მაქვს, რომ იმ თავის შესაძლებლობებს საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ გამოავლენს. შეიძლება კარგიც კი იყო, უკეთესიც კი იყოს თუ მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ კი არა, უბრალოდ საქართველოს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი იქნება.
ეს უბრალოდ სურვილია. ჩვენ არ გვყავს არცერთი ადამიანი. მე ძალიან გული მწყდება, მათ შორის ჩემს თანამებრძოლებზეც, რომელთაც ჰქონდათ უზარმაზარი შესაძლებლობები, კავშირები და 2020 წლის არჩევნების შემდეგ უბრალოდ გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან იმის მაგივრად, რომ თავიანთი პოლიტიკური შესაძლებლობები მოეხმარათ საქართველოს საკეთილდღეოდ. მე უბრალოდ სურვილს გამოვთქვამ, რომ თინა ბოკუჩავამ პოლიტიკას თავი არ დაანებოს, რადგან ძალიან ეფექტურია საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.