ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა - დატბორილია საცხოვრებელი სახლის ეზოები და მიწის ნაკვეთები - Palitra News

ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა - დატბორილია საცხოვრებელი სახლის ეზოები და მიწის ნაკვეთები

2026-06-18 10:10:28+04:00

ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. დაზარალებულია პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი, მათ შორის ზემო, ქვემო და შუა ხალაწანი, სადაც უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა და მოვარდნილი ღვარცოფი სოფელში გადავიდა.

ძირითადად დატბორილია ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე დაზიანებულია სოფელ შუა ხალაწანში საცალფეხო ხიდის ნაწილი.

მოსახლეობა ამბობს, რომ შინაური ცხოველები უსაფრთხო ადგილას დროულად გაიყვანეს.

„ღამით დაახლოებით ათი საათიდან დაიწყო წყალმა მოვარდნა. ეზოებში რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო წყლის დონე. მოვასწარით და ჩვენც და შინაური ცხოველებიც უსაფრთხო ადგილს შევაფარეთ, თორემ რა იქნებოდა, არ ვიცით. საბედნიეროდ წვიმაც დროულად შეწყდა. ძირითადად სიმინდი, კარტოფილი და ბოსტნეული დაგვეტბორა”,- ამბობენ ადგილობრივები

ამ დროისთვის მდინარეებში წყლის დონემ იკლო.

ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ ცოტა ხანში ადგილზე მუშაობას დაიწყებს შესაბამისი ტექნიკა და დაზიანებულ ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.