თენგიზ შარმანაშვილი ელენე ხოშტარიაზე - მას რომ რამე დაემართოს, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა კრახი იქნება ეს ხელისუფლებისთვის? ასე რომ, მას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ახლა არა ჰყავს - Palitra News

თენგიზ შარმანაშვილი ელენე ხოშტარიაზე - მას რომ რამე დაემართოს, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა კრახი იქნება ეს ხელისუფლებისთვის? ასე რომ, მას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ახლა არა ჰყავს

2026-06-18 11:52:38+04:00

მას [ელენე ხოშტარიას] რომ რამე დაემართოს, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა კრახი იქნება ეს ხელისუფლებისთვის? ასე რომ, მას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ახლა არა ჰყავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში არავინ დაუშვებს, თუნდაც პრაგმატული მოსაზრებების გამო, რომ მას რაიმე დაემართოს.

„როგორ ფიქრობთ მისი ჯანმრთელობის საკითხით ხელისუფლება უფრო არის დაინტერესებული, თუ მისი ახლობლები და პარტია? მას რომ რამე დაემართოს, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა კრახი იქნება ეს ხელისუფლებისთვის? ასე რომ, მას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ახლა არა ჰყავს. არაფერს არ დააკლებენ და ეს განცხადება იყო ზუსტად. დავანებოთ ქრისტიანობას, ადამიანის უფლებებს, ჰუმანიზმს და ყველაფერს თავი - წმინდა პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, ჩვენზე უფრო დიდ გულშემატკივარს მის ჯანმრთელობას ახლა არავინ არა ჰყავს. ხელისუფლებაში არავინ დაუშვებს, თუნდაც პრაგმატული მოსაზრებების გამო, რომ მას რაიმე დაემართოს. ასე რომ, ყველა ეს განცხადება, რომ ყალბია, იმთავითვე უნდა ჩანდეს. ჩვენზე დიდი ინტერესი მისი ჯანმრთელობის გამო ვის უნდა ჰქონდეს ახლა დედამიწაზე? არავის”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მან აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და აღნიშნა, რომ „ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის, სამედიცინო სერვისით“.