საფრანგეთის ქალაქ ევიანში დიდი შვიდეულის სამიტი დასრულდა. სამი დღის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომს, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, გლობალური ეკონომიკის გამოწვევებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს განიხილავდნენ. სამიტის ფარგლებში გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით. შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერა, რუსეთთან ომის დასრულების პერსპექტივები და ახლო აღმოსავლეთში მიღწეული შეთანხმება იყო. აშშ-ს, უკრაინისა და საფრანგეთის ლიდერებს შორის სამიტის ფარგლებშიც და დასრულების შემდეგაც პროდუქტიული საუბარი შედგა.