რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე თითქმის ოცი მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. მერიამ ფასი 3 მლნ-ზე მეტით გაზარდა. რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. მოგეხსენებათ, რომ მანამდე ქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერი აპრილში გამოცხადდა, თუმცა მაშინ შესყიდვა არ შედგა. წინა ტენდერის სავარაუდო ღირებულება 16 780 886 ლარი იყო. ახლა უკვე 15 ივნისს ხელახლა გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი გამზირის მთელ სიგრძეზე ველობილიკის მოწყობას გულისხმობს, ასევე დაგეგმილია ახალი სახანძრო ჰიდრანტების მოწყობაც. შესაბამისად, გაზრდილია სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაც. ჯამში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია. აღსანიშნავია, რომ შესყიდვა სამ ნაწილად გამოცხადდა და გამზირის სხვადასხვა მონაკვეთს მოიცავს. ყველაზე მეტი თანხა ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეა გათვალისწინებული, რომლის სავარაუდო ღირებულება თითქმის 8 მილიონი ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 23 ივნისს დაიწყება და 26 ივნისს დასრულდება.