საქართველოში მხოლოდ ორი პროდუქტის წარმოება გვყოფნის, დანარჩენზე მოხმარებას კი იმპორტით ვავსებთ. სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემები ცხადყოფს, რომ მთელ რიგ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე საქართველოში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი კატასტროფიულად დაბალია და
100%-ს მხოლოდ ორი პროდუქტის, კარტოფილისა და ყურძნის შემთხვევაში აჭარბებს. ამავე მონაცემებით, სხვა საკვებს იმდენად მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ, რომ სასურსათო მოხმარებისთვის მისი მნიშვნელოვანი წილის იმპორტი გვჭირდება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მცირე რაოდენობით, რაც თვითუზრუნველყოფის მხოლოდ 19%-ია, ვაწარმოებთ ხორბალს, რომელიც საქართველოში სტრატეგიულ პროდუქტად ითვლება. ამასთან, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ხორბლით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი კიდევ 3 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. თუ გადავხედავთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებულ მონაცემებს, 2024 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, იმპორტდამოკიდებულება იზრდება თითქმის ყველა სასურსათო კატეგორიაში. ასე მაგალითად, სიმინდის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი - 78%-მდე შემცირდა; ბოსტნეულის - 48%-მდე; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის - 72%-მდე; ღირის ხორცის წარმოება თვითუზრუნველყოფის მხოლოდ 52%-ს ჰყოფნის; რძის პროდუქტების თვითუზრუნველყოფის მხოლოდ 68%-ს ვაწარმოებთ და დანარჩენი იმპორტით შემოგვაქვს. ყურძნისა და კარტოფილის შემდეგ ერთადერთი კვერცხია, რომლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციანტი 100%-იან ნიშნულთან ახლოსაა და 98%-ს შეადგენს. საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სასურსათი პროდუქტების, სასურსათო ნედლეულის, ასევე უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელების იმპორტმა რეკორდულ 2.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.