5 ათასიდან 30 ათას ლარამდე დაჯარიმდებიან პირები, ვინც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირების წესს დაარღვევს. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და განხილვები ახლო მომავალში დაიწყება. კანონპროექტის თანამხმად, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი დაექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას, რეგულირების წესსა და პირობებს კი განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და პირობების“ დამტკიცება.
დოკუმენტის თანახმად, ბიზნესოპერატორები, რომლებიც ახორციელებენ პესტიციდების და აგროქიმიკატების იმპორტს, დისტრიბუციასა და საბოლოო მომხმარებელზე რეალიზაციას, ვალდებული იქნებიან უზრუნველყონ მათი საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა მთავრობის მიერ დადგენილი, ფასის რეგულირების მოთხოვნებთან. პროექტის ავტორების შეფასებით, კანონპროექტის მიღების შედეგად მოსალოდნელია პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი, მცენარეული წარმოშობის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, რადგან, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხარჯებში, სხვადასხვა კულტურის მიხედვით 20-დან 50%-მდე შეადგენს. სხვათა შორის, ირაკლი კობახიძემ 2026 წლის თებერვალში დააანონსა, რომ მთავრობა ფასების შესწავლას პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც იწყებდა.