ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება - Palitra News

ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება

2026-06-18 13:48:45+04:00

გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ის ასევე აღნიშნავს, რომ როგორც კი მკურნალობის რეალური გეგმა შედგება, საზოგადოებას აცნობებს.

გარდა ამისა, ხოშტარია წერს, რომ მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე „სრულიად უსამართლოდ გახდა რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლი“.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემ გამო ღირსეული ადვოკატი, ჩვენთვის ყველასთვის საამაყო ადამიანი შოთა თუთბერიძე, მორიგ ჯერზე, სრულიად უსამართლოდ გახდა რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლი.

რა თქმა უნდა, ახალი არ არის ამ რეჟიმის პირობებში, როდესაც სიმართლის მთქმელ ადამიანს თავს ესხმიან, მაგრამ მაინც გასაოცარია, თუ რა ადვილად იტყუება ადამიანი, როდესაც თავის დაძვრენას ცდილობს. საცოდავი საყურებელია.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე, რომელიც შოთამ ბრიფინგზე თქვა. რეჟიმთან რაიმე დისკუსიაში შესვლის კი, არანაირი სურვილი არ მაქვს.

და ბოლოს, მეგობრებო, როგორც გუშინ შეგატყობინეთ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ რომ იქნება. როგორც კი მკურნალობის რეალური გეგმა შედგება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვაცნობებ,“ - წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მან აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და აღნიშნა, რომ „ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის, სამედიცინო სერვისით“.