პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უკვე შედგა, თუმცა კონკრეტული სამედიცინო ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.
მისივე ინფორმაციით, მკურნალ ექიმთან შეხვედრა ამ დრომდე არ გამართულა, თუმცა ადმინისტრაციისგან შესაბამისი დაპირება მიიღო. ხოშტარიას თქმით, როგორც კი მკურნალობის კონკრეტული გეგმა ჩამოყალიბდება, ამის შესახებ საზოგადოებას აცნობებს.
ამასთანავე, ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, რასაც პენიტენციური სამსახური არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობს.
რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას - გია ვოლსკის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის, დაცული უნდა იყოს. მისივე თქმით, მიუხედავად პირადი თანაგრძნობისა, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელთანაც ხოშტარია ასოცირდება, ეროვნული ინტერესებისგან განსხვავებული მიზნები აქვს.